მამუკა ბახტაძე - ყველაზე გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები, რომლის შედეგიც რამდენიმე დღის წინ ყველამ დავინახეთ
მამუკა ბახტაძე - ყველაზე გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები, რომლის შედეგიც რამდენიმე დღის წინ ყველამ დავინახეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება, თქვას, რომ ბოლომდე წარმატებულია, ვიდრე ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა – ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელია.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა კითხვაზე, რომელიც ენდიაის კვლევას ეხებოდა. კვლევის თანახმად, 46 პროცენტი  მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

მამუკა ბახტაძის თქმით, არ ჰქონდა საშუალება, კვლევას გაცნობოდა. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველაზე კარგი კრიტერიუმი არჩევნებია.

„არ მქონდა საშუალება, გავცნობოდი ამ კვლევას. მინდა, დავაფიქსირო პოზიცია, რომელიც ალბათ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლება ვერ უნდა მისცეს თავს უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ ჩვენ ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გადაუჭრელი გვაქვს, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. აქედან გამომდინარე, როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული.

რაც შეეხება ზოგადად, ნდობის საკითხს, იმ ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ კვლევები. ყველაზე კარგი, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები, რომლიც რამდენიმე დღის წინ იყო რამდენიმე რეგიონში და ყველამ კარგად დავინახეთ შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ამავე დროს, ვპირდებით საზოგადოებას, რომ გზებს, რომელიც წარმოგვიდგენია ამ პრობლების გადასაჭრელად, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. არჩევნები გვქონდა ორი დღის წინ. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი ნდობამ შეადგინა 60 პროცენტი. ასეთ მათემატიკურ საკითხებზე არ უნდა ვდაობდეთ. ორი დღის წინ საქართველოში იყო არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ჩვენ ამავე დროს გააზრებული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. გააზრებული გვაქვს გზები, როგორ უნდა იქნას დაძლეული ეს პრობლემები. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა, გამოუცხადა ნდობა ჩვენს კანდიდატებს და ამ პრობლემებს ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.