მამუკა ბახტაძე - ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის ანაზღაურება გაიზრდება და იქნება ღირსეული
მამუკა ბახტაძე - ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის ანაზღაურება გაიზრდება და იქნება ღირსეული

ხელისუფლების შეხედულებით განათლება არის გზა – თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ ყველა იმ გამოწვევის გადალახვისკენ, რომელიც დღეს ერის წინაშე დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღნიშნული რეფორმა სკოლამდელ განათლებას, საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას შეეხება. ეს ნიშნავს მასშტაბურ ინვესტიციებს არა მხოლოდ კაპიტალურ ხარჯების თვალსაზრისით, ანუ, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში, არამედ ეს ნიშნავს გაზრდილ ინვესტიციებს ხელფასებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კვლევით სამუშაოებზე. ეს არის ჩვენი ხედვა და სწორედ ამ გზით ვაპირებთ, რომ საქართველო რეგიონალურ-ეკონომიკური ცენტრი გახდეს. იმ ეკონომიკურ გამოწვევებში, რომელიც გვაქვს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ისაა, რომ განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა, რაც მიუღებელია. ამან ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივით საქართველოში მდგრადი და მზარდი ეკონომიკური განვითარების ატმოსფეროს შევქმნით“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მთავრობის ხელმძღვანელის ცნობით, განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება.

„ყველა რეგიონში აშენდება და მასშტაბური რეაბილიტაცია მოხდება ყველა სკოლისა და ბაღის. ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგს, ეს იქნება ბაღი, პროფესიული სასწავლებელი თუ მეცნიერება, მათი ანაზღაურება იქნება გაზრდილი და ღირსეული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პედაგოგის პროფესია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. ამასთან, ყველაზე უახლოესი სასწავლო მეთოდები დაინერგება და პედაგოგების გადამზადება მოხდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გააკეთა განათლების სექტორში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზეც.

„ახალი სკოლების მშენებლობა, ასევე არსებული სკოლებისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდება. ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული, რომელიც განათლების სექტორზე მუშაობს და იმ პროგრამებსა და მიდგომებს შევცვლით, რაც დღეს სისტემაში გვაქვს. ევროპულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს დავნერგავთ უნივერსტიტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები და სერთიფიკატები, მათ შორის, პროფესიული სასწავლებლების, აღიარებული იქნება ევროკავშირში, რაც ყველა ახალგაზრდას საშუალებას მისცემს, რომელიც განათლებას საქართველოში გაივლის და მიიღებს, ამავე დროს, მსოფლიოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში დასაქმდეს. ამ ინიციატივით ვაპირებთ, საქართველომ ის ისტორიული როლი დაიბრუნოს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა. კერძოდ, იყოს ცენტრი განათლებისა და კულტურის მთელი რეგიონისთვის“, – დასძინა პრემიერმა.