მამუკა ბახტაძე წინამორბედებს მადლობას უხდის და მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატებებს უსურვებს
მამუკა ბახტაძე წინამორბედებს მადლობას უხდის და მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატებებს უსურვებს

მამუკა ბახტაძე წინამორბედებს მადლობას უხდის და მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატებას უსურვებს, – ამის შესახებ იგი „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

პრემიერი მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა. მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში. მიუხედავად სტრატეგიული განვითარების მთავარი ჩარჩოს შექმნისა და ხელშესახები პროგრესისა, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ არის რიგი საკითხები, სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო. მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.