მამუკა ბახტაძე - წარმატებისთვის მთავარი პირობა პოლიტიკური ნებაა 
მამუკა ბახტაძე - წარმატებისთვის მთავარი პირობა პოლიტიკური ნებაა 

ყველაზე მთავარი პირობა წარმატებისთვის სწორედ პოლიტიკური ნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალურ სამიტზე მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

OGP-ის სამიტის მოდერატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით   – “თქვენ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რას გეგმავთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობით გათვალისწინებული პრინციპები დაინერგოს საქართველოში”

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მისი მიზანია, რომ შენარჩუნდეს გამჭვირვალობისა და მიღწევების მაღალი დონე.

„ჩემი აზრით, ყველაფერი დაკავშირებულია პოლიტიკურ ნებასთან. ყველაზე მთავარი პირობა წარმატებისთვის სწორედ გახლავთ პოლიტიკური ნება. როგორც მანამდე უკვე აღვნიშნე, ვიყავი ფინანსთა მინისტრი. ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. ერთ-ერთი მიღწევა ჩვენი მთავრობისა გახლდათ ის, რომ საქართველო დასახელდა როგორც მეხუთე ქვეყანა ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით. ეს არის ქვეყნისათვის სერიოზული მიღწევა, წარმატება.  ეს ფაქტი არის მკაფიო დადასტურება, რომ მივიწევთ წინ, ჩვენი ძალისხმევის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ახლა, როდესაც უკვე გახლავართ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი მიზანი იქნება, შევინარჩუნოთ იგივე დონე გამჭვირვალობისა, იგივე დონე მიღწევებისა. ასევე, ვგეგმავთ წავიდეთ წინ. ვგეგმავთ, ყველა პრინციპი, რომელიც გათვალისწინებულია ღია მმართველობის სფეროში, საქართველოში იყოს მხარდაჭერილი. ამის აბსოლუტური ნება არსებობს საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ახალ დონეზე გავიყვანოთ ქვეყანა”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.