მამუკა ბახტაძე - წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმით მიაღწია, სსფ-ის წვლილი ძალიან მაღალია
მამუკა ბახტაძე - წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმით მიაღწია, სსფ-ის წვლილი ძალიან მაღალია

იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმით მიაღწია, იმ ტრანსფორმაციაში, რასაც ჩვენი ქვეყანა განიცდის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ნაყოფიერ თანამშრომლობას და კრისტინ ლაგარდს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს მაქვს პატივი, საქართველოში ვუმასპინძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაკავშირებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ქალბატონი ლაგარდის ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა განსაკუთრებით ნაყოფიერი ჩვენსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობა  და მინდა მას ამ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ჩამომიყალიბდა კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობები და მისი დღევანდელი ვიზიტიც გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება იმ რეფორმებისადმი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაზე სამეწარმეო საქმიანობაში, ნებისმიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ეს არის სწორედ ის წესრიგი, რომელსაც ქალბატონი ლაგარდი ყველგან ამკვიდრებს და მსურს, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქვს ძალიან წარმატებული პროგრამა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის შესახებ, რომელიც მთლიანად მთავრობის რეფორმების გეგმას ეყრდნობა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული მიზნები ერთი წლის წინსწსრებით შესრულდა, მათ შორის მიმდინარე ხარჯების შემცირების, კაპიტალური ხარჯების დაჩქარებისა და დეფიციტის ნორმალიზაციის კუთხით.

„ძალიან კარგად მახსოვს ჩემი შეხვედრა რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როდესაც  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძალიან მძიმე ციფრები გვქონდა. ის თითქმის 13 პროცენტს უახლოვდებოდა. მაშინ მე ვთქვი და ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გავატარებდით ისეთ რეფორმებს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, საქართველოში ჩაგვენაცვლებინა იმპორტი, გვქონოდა უფრო მეტი ექსპორტი და შეგვემცირებინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ის თითქმის ორჯერ შევამცირეთ და აქაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ვაპირებთ მეტად აქტიურ თანამშრომლობას კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის მოტივირებული ვართ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.