მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე - არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან
მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე - არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან

არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის თემა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტებისგან კეთდება არასერიოზულ და ღიმილისმომგვრელი განცხადებები, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ბრიუსელში, სადაც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად იყო მიწვეული.

„მართლაც არასერიოზული განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან ვიზიტთან დაკავშირებით. საკითხი არის ძალიან მარტივი – ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე და საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, მაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ამ გზაზე. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს. იქ მიწვეულნი იყვნენ ევროპის ქვეყნის ლიდერები და მიწვეული ვიყავი მეც. რა არის ამაში გასაკვირი, ან კითხვის ნიშნის მქონე – პირიქით, ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი, კონსულტაციები, რომ ვიყოთ უფრო წარმატებული იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.