მამუკა ბახტაძე - ვხედავთ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა, ერთგვარი დისონანსი შეიტანოს საზოგადოების ცხოვრებაში, ეს არავის გამოუვა
მამუკა ბახტაძე - ვხედავთ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა, ერთგვარი დისონანსი შეიტანოს საზოგადოების ცხოვრებაში, ეს არავის გამოუვა

მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ვხედავთ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა, შეიტანოს ერთგვარი დისონანსი საზოგადოების ცხოვრებაში, ეს არავის გამოუვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ორი დღის წინ  გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 28 ოქტომბერს ქართველი ერი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ერი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ეს ჩანაწერი ფარულიც რომ არ იყოს, მგონი ღიად აცხადებენ და მათი პიარტექნოლოგიები რუსეთიდან ამის შესახებ ღიად საუბრობენ. მე მგონი ქართული საზოგადოებისთვისაც ეს ისედაც ნათელია, რომ არ ვისაუბროთ რაღაც ფარულ ჩანაწერზე. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ვხედავთ ჩვენ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა შეიტანოს ერთგვარი დისონანსი საზოგადოების ცხოვრებაში, ეს არავის გამოუვა. 28 ოქტომბერს ქართველი ერი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ერი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველა იქნება საკანონდებლო ჩარჩოსა და კონსტიტუციის ფარგლებში. ასე რომ დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერავინ შეიტანს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.