მამუკა ბახტაძე - ვხედავთ, არსებობს გარკვეული ხარვეზები ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, მეტად ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით
მამუკა ბახტაძე - ვხედავთ, არსებობს გარკვეული ხარვეზები ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, მეტად ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით

ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და მეტად ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა. მან ბრიუსელში 5 მარტს დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„შესაბამისად, ამ კონტექსტში ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესაძლებლობაც და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ რეფორმებზეც, რომლებსაც განვახორციელებთ დემოკრატიის მეტი კონსოლიდაციისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იქნება.

„ზაფხულში აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ახალი ინიციატივების გაჟღერებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს და ამ ინიციატივებზე 5 მარტს ვისაუბრებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას, რომელიც 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება, წელს საქართველო თავმჯდომარეობს.

„საბჭოზე უმაღლეს დონეზე იქნება განხილული ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემის მოდერნიზაციას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც განათლების სექტორში ვახორციელებთ, ასევე – ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.