მამუკა ბახტაძე - ვიქნებით თანმიმდევრული ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უზრუნველვყოთ პროცესის მეტი სისტემურობა
მამუკა ბახტაძე - ვიქნებით თანმიმდევრული ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უზრუნველვყოთ პროცესის მეტი სისტემურობა

საგარეო პოლიტიკაში ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე და გამოვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს, უზრუნველვყოფთ ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

„ჩვენ სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ჩვენი უნიკალური კულტურითა და თვითმყოფადობით დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, რომელთანაც ცივილიზაციური ერთობა გვაკავშირებს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფორმატია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პროაქტიურად გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გულისხმობს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ქართველი სამხედროები, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას ტერორიზმთან ბრძოლისა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.