მამუკა ბახტაძე - ვგეგმავთ, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია
მამუკა ბახტაძე - ვგეგმავთ, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია

ძალიან მასშტაბური გეგმები გვაქვს, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “საქართველოს ბიზნესასოციაციასთან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ  “საქართველოს ბიზნესასოციაციაში”,  გავაჟღერეთ ის ინიციატივები და რეფორმები, რომლის დანერგვასაც სამინისტრო მომავალ წელს გეგმავს. მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის. დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ეს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებს ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

რაც შეეხება დღგ-ის რეფორმის ნაწილს, მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე ხვალ პარლამენტში დეტალურად საუბარს აპირებს.

“ზოგადად, გეტყვით, რომ ეს გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეში მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტში და აქედან გამომდინარე, ის ეხება ყველა სექტორს. ვიზიარებ პოზიციას, რომ მთავრობა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა იყოს ბიზნესისთვის მოქნილი, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებებს პატივი უნდა ვცეთ.
ვფიქრობთ, თითოეულ სექტორს როგორ მივცეთ დამატებითი შეღავათი. მაგრამ კიდეც ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს გადასაწყვეტი”, – განაცხადა ბახტაძემ.