მამუკა ბახტაძე - ვფიქრობ, ფსიქოლოგებისა და მანდატურების ეფექტურმა მუშაობამ უნდა უზრუნველყოს ბულინგის პრობლემის აღმოფხვრა
მამუკა ბახტაძე - ვფიქრობ, ფსიქოლოგებისა და მანდატურების ეფექტურმა მუშაობამ უნდა უზრუნველყოს ბულინგის პრობლემის აღმოფხვრა

ბულინგი არ არის ადვილად გადასაჭრელი პრობლემა, მაგრამ ამავე დროს საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სკოლებში დარღვევების სტატისტიკის გაზრდას უკავშირდებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სკოლებში, სადაც დაახლოებით 600 ათასი მოსწავლეა მათ უსაფრთხოება და პოზიტიური გარემოს შექმნა არის უმთავრესი პრიორიტეტი.

„ყოველწლიურად იზრდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მანდატურებისა და ფსიქოლოგების სერვისია შეთავაზებული. ასევე განისაზღვრა სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. გაფართოვდა დარღვევების ნუსხა, რაზეც მახვილდება მანდატურების ყურადღება. ამან გამოიწვია ის, რომ დარღვევების გამოვლენაც გაიზარდა. ეს არ არის იმასთან კავშირში, რომ მანამდე არ ყოფილა. მანამდეც იყო, თუმცაღა მათი აღრიცხვა არ ხდებოდა ისეთი ყურადღებით, როგორც ეს ახლა ხდება. გაიზარდა ამ დარღვევებზე რეაგირება. რადგან დარღვევების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მასზე იყო რეაგირება დროული”, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, დღეს უმთავრესი პრობლემა არის ბულინგის გამოვლინება და აქ რეაგირების რიცხვი 2500-დან 3600-მდეა გაზრდილი.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი მით უმეტეს იმ ინფორმაციების ფონზე, რაც ბოლოს ვრცელდება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ადვილად გადასაჭრელი პრობლემა. მაგრამ ამავე დროს საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგების და მათ შორის მანდატურების ეფექტურმა მუშაობამ უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის აღმოფხვრა. ეს არის საერთაშორისო ყველაზე კარგი პრაქტიკა და ჩვენც ამ პრაქტიკას უნდა მივცეთ მაქსიმალურად გაძლიერების საშუალება. როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, თვითონ აღრიცხვის სტანდარტი არის გაზრდილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე არ ხდებოდა მსგავსი რაღაც. ჩვენ გავაუმჯობესეთ გამოვლენა და გავაუმჯობესეთ მასზე რეაგირება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ სკოლებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დარღვევების სტატისტიკა 30%-ით არის გაზრდილი.