მამუკა ბახტაძე - ვეცდებით, მიღწევები უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მათი კონვერტაცია მოვახდინოთ
ვეცდებით, 2018 წლის მიღწევები მომავალ წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მათი კონვერტაცია მოვახდინოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, მთლიანობაში 2018 წელი იყო პოზიტიური.
„გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი დაწინაურება. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი მისწარაფებების რეალიზებისთის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატო-სთან არასდროს ყოფილა. ვეცდებით, რომ 2019 წელს ეს მიღწევები გავხადოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო და მოვახდინოთ ამ მიღწევების კონვერტაცია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2018 წელი ასევე ნაყოფიერი იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.
„ეს ურთიერთობა ასეთი ყოვლისმომცველი არასოდეს ყოფილა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში ყველა სფეროში ლიდერად არის აღიარებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.