მამუკა ბახტაძე - ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს
მამუკა ბახტაძე - ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს

საქართველომ უმნიშვნელოვანესი წინსვლა იქონია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, შვიდი წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში.

„მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, რაც ყველაზე კარგად აქ, სტრასბურგში იზომება და ფასდება. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესებების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა. აღსრულების კუთხით, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია ჯამში გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80 პროცენტი 2013 წლამდე დასრულდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს. 2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ზე მეტად გაიზარდა. ადრე რეალურად 0 იყო. გავმეორდები – 0! ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებზე პატიმრობის მაჩვენებელმა 68 პროცენტით იკლო. არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულისთვის პატიმრობის მისჯის რაოდენობა 70 პროცენტით შემცირდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი სასამართლოს მუშაობის პროცესში.

„საქართველომ უმნიშვნელოვანესი წინსვლა იქონია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყო. 90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია. „ღია ბიუჯეტის ინდექსით“ საქართველო მე-5 ადგილზეა – შვეიცარიისა და ნორვეგიის მერე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ამაყი წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც არის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ გახსნილობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

„ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემა არ მუშაობდა ჯეროვნად და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებდა. განხორციელებული რეფორმებით პენიტენციურ დაწესებულებებში კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა. ფაქტობრივად, 2018 წელს საქართველოს პენიტენციური სისტემა მართებულად იმსახურებს გაერთიანებული ერებისა და ევროკავშირის „ადამიანის უფლებების წარმატებული შემთხვევების“ კონტექსტში ხსენებას. საქართველომ ასევე შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ. მათი დარღვევა ადრე  ხდებოდა, ახლა კი სრული პატივისცემის პირობებში წარმოჩინდება. მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულ პატივს სცემს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას. სასამართლო სისტემა უფრო მეტად რეაგირებს სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე და დისკრიმინაციაზე; დამცავი მექანიზმები გაძლიერებულია. აქ ხაზი მინდა გავუსვა 2017 წლის აპრილში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიკაციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და დაგმობის შესახებ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ ძლიერი მექანიზმები შეიმუშავა ადამიანის უფლებების სფეროში.

„პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სტრატეგიული მიდგომა შეიმუშავა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. გაძლიერდა სახელმწიფო დამცველის სამსახური და ქმედითი ზედამხედველობის მექანიზმები დაინერგა საპარლამენტო დონეზე. უდავოდ, ბევრს მივაღწიეთ, თუმცა განწყობილნი ვართ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ვიქონიოთ. თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანი არის მიზიდულობის ცენტრი, სადაც თანაბარ შესაძლებლობებს ვანიჭებთ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და მდგომარეობისა, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.