მამუკა ბახტაძე - ვაფასებთ რუმინეთის აქტიურ ძალისხმევას, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეა მაღალ დონეზე შენარჩუნდეს
მამუკა ბახტაძე - ვაფასებთ რუმინეთის აქტიურ ძალისხმევას, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეა მაღალ დონეზე შენარჩუნდეს

ჩვენ ვაფასებთ, ევროკავშირში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიურ ძალისხმევას, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეა და კონცეფცია მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუმინეთში, რუმინელ კოლეგა ვასილიკა ვიორიკა დენჩილასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, პარტნიორობის 10 წლისთავზე, ყველა თანხმდება, რომ მრავალ სფეროში მიღწეულია ძალიან დიდი პროგრესი.

„ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ერთობლივი ძალისხმევით პარტნიორობაში ახალი დინამიკის, ახალი მუხტის შეტანის აუცილებლობა, რომლის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაახლოება და ინტეგრაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას.

„გვსურს, ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული დაახლოების ხარისხი გადავიყვანოთ ახალ, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე. ეს არის ჩვენს მიერ ბრიუსელში წარდგენილი „საგზაო რუკის“ იდეა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და დარწმუნებული ვარ, რუმინელი მეგობრები ამ მიმართულებით აქტიურად დაგვეხმარებიან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა რუმინელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რუმინეთის პრემიერთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული მტკივნეული გამოწვევებიც განიხილეს, რომელიც ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება.

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო განუხრელად ასრულებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას.

„ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის.  მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ ჩვენს რუმინელ მეგობრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისათვის“, – განაცხადა რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.