მამუკა ბახტაძე - უნდა გვქონდეს ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა, მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს
მამუკა ბახტაძე - უნდა გვქონდეს ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა, მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს

აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა, მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში გამართულ მედიაფორუმთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსდა.

„რაც შეეხება „რბილ ძალას“ და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვფიქრობ, ეს გამოწვევა არის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო – ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი გადაწყვეტილება და პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა, მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისში სახელწოდებით – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსდა.