მამუკა ბახტაძე - უახლოეს წლებში შევძლებთ, მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთ მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს
მამუკა ბახტაძე - უახლოეს წლებში შევძლებთ, მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთ მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს

უახლოეს წლებში შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ავტომობილების სტრუქტურა საქართველოში და მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთ მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას განაცხადა.

„ვგეგმავთ იმპორტული ავტომობილების დაბეგვრის ისეთი რეჟიმის შემოღებას, როდესაც კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, მათ შორის მსუბუქ და დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს. მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის გაიზრდება განბაჟების გადასახადი, რათა ჩვენ მოვახდინოთ მეტი სტიმულირება, რომ საქართველოში მეტი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი შემოვიდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ანალოგიით, მაღალკუბატურიანი ავტომობილების რაოდენობა საქართველოში ძალიან მაღალია.

„ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ 3,5 ლიტრზე მაღალი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები დაახლოებით 10%-ს შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გაიზრდება განსხვავება გადასახადებს შორის და ვფიქრობთ, უახლოეს წლებში შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ავტომობილების სტრუქტურა საქართველოში და მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთ მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს.

სამწუხაროდ, საქართველოსი ჯერ კიდევ გრძელდება „ევრო 1“, „ევრო 2“ და „ევრო 3“-ის ტიპის მანქანების იმპორტი, რაც, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ვფიქრობთ, ამ
პოლიტიკის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძალიან ცუდ ტრენდს.

ამ ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომანქანების ფაქტობრივად 90%-ს არ აქვს გამართული ე.წ კატალიზატორის სისტემა, რაც ძალიან საშიშია და უკავშირდება, როგორც მანქანის ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას.

„შესაბამისად, ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ მანქანამ მიიღოს ტექნიკური შემოწმების შესაბამისი დოკუმენტი. სხვაგვარად იმპორტირებული ავტომობილები ამ შემოწმებას ვერ გაივლიან. ჩვენ უმოკლეს ვადებში დავნერგავთ გარემოსდაცვით ინტეგრირებულ სანებართვო სისტემას, რომელიც საწარმოებს ტექნოლოგიური ციკლის თანამედროვე ტექნოლოგიებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩანაცვლებას დაავალდებულებს. მწვანე ინიციატივების წახალისებისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დაინერგოს ეკომარკირების ინსტრუმენტი, რაც გულისხმობს პროდუქციის წარმოებაში ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების წახალისებას და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას“, – განაცხადა პრემიერმა.