მამუკა ბახტაძე - თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება
მამუკა ბახტაძე - თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება

ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი სახელწოდებით – „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ წყალტუბოში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი თვითმმართველობის გარეშე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დამარცხება წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ თვითმმართველობების გაძლიერებაა.

„ჩვენი პრიორიტეტია ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა მახინჯი ეკონომიკური სისტემა. მე ამის თქმა არასდროს არ მომერიდება, ძალიან მარტივი სტატისტიკური მონაცემების გამო. ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 50 პროცენტი დამოკიდებულია სამასი კომპანიის მხრიდან შემონატანებზე. აქედან ყოველი მეორე არის ურთიერთდაკავშირებული პირი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების 50 პროცენტი ფაქტობრივად დამოკიდებულია 150 ბიზნეს ჯგუფზე. ეს ბუნებრივია აისახება ყველაფერზე. აისახება იმაზე, რომ ჩვენს რეგიონებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სრულფასოვნად წარმოეჩინათ თავისი ეკონომიკური პოტენციალი და მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიის განვითარებაში, მის დივერსიფიკაციაში. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რომ ეს მოცემულობა შეცვალო, მაგრამ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ ეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ამ თვალსაზრისით შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა საკმაოდ რთული სამუშაო გასწია.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჩვენს მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში, იყო გარკვეულწილად ჩამორჩენა. წელს მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბიუჯეტი თქვენთვის, ისევე როგორც რეგიონალურ დონეზე, ჩვენ წინსწრებით მივდივართ და მე მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. მუნიციპალიტეტების ძალიან დიდმა ნაწილმა შეძლო მართლაც საკმაოდ რთული სამუშაოს გაწევა და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ამ შედეგს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. ფაქტობრივად, 5-6 მუნიციპალიტეტის გარდა ჩვენ შევძელით ამ კრიტერიუმის მიღწევა ყველგან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.