მამუკა ბახტაძე - თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია ლარის კურსზე, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
მამუკა ბახტაძე - თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია ლარის კურსზე, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით კითხვაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ლართან დაკავშირებით ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე.

„ბუნებრივია, მაქვს ანალიტიკური მონაცემები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ლარის კურსს. ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოგადად, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებელი საქართველოში არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, მიმდინარეობს აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება. აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე. მოვლენებმა, რომელსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია, თავისი გავლენა იქონია. თუმცა, იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც დავასახელე, ამავე დროს, იქედან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონიმიკური პარამერტრები არის ძალიან მდგრადი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს ძალიან მოკლევადიანი ასახვაა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ზოგადად, მსგავსი საკითხები განხილული უნდა იყოს სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან.

„ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი. საქართველო არსებობს იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე. ამის განსახორციელებლად დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როცა დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში და ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი. მეორე გახლავთ სავაჭრო დეფიციტი, რომელიც არის აქილევსის ქუსლი ჩვენი ეკონომიკის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ მიმდინარე ანგარიში დეფიციტი შეადგენდა თითქმის 13 პროცენტს.

„ჩვენ შევძელით და ეს მაჩვენებელი გავანახევრეთ. აქედან გამომდინარე, ორიენტირება ექსპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და რაც მთვარია, ლარიზაციაზე, არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი,  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე მეზობელი ეკონომიკების გავლენის შესახებ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მთავრობა ცდილობს საექსპორტო საქონლის მაქსიმალურ დივერსიფიცირებას, ევროკავშირისა და სხვა შორეულ ბაზრებზე ორიენტირებას,  როგორიც არის მაგალითად ჩინეთი.

„შესაბამისად, დასკვნაც არის მარტივი. ეს არის როგორც ჩანს, ძალიან მოკლევადიანი ეფექტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ბიზნესსაქმიანობა დაგეგმოს შესაბამისად და ყველა ბიზნესი  სხვადასხვა ორიენტირით სარგებლობს, მათ შორის როგორიც არის საშუალო წლიური ლარის კურსი ან ნებისმიერი სხვა პარამეტრი.

„ბიზნესის არგუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ბიზნესგეგმა არ კეთდება სამ დღეზე. თუ ვიღაცის არგუმენტია ის, რომ 3-4 დღით ხელმძღვანელობს ერთწლიანი ბიუჯეტის შედგენისას თუ რამდენიმეწლიანი სტრატეგიის დაგეგმვისას, ვფიქრობ, ალბათ არასწორად გავიგეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის იმპორტზე დამოკიდებულება და მცირე ზომა. შესაბამისად, მთავრობის ამოცანაა, შეძლოს ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოება, რომელიც აღნიშნული დეფიციტის შემცირების საშუალებას შექმნის.

„ჩვენ უახლეს ისტორიაში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეძლო და სამი წლის განმავლობაში დეფიციტი შეამცირა ორჯერ. ჩვენ შევძელით სწორედ ის, რომ ლარი გავხადეთ ნაკლებად მოწყვლადი რეგიონში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ჩვენი მეზობლების ეკონომიკაში არსებული სიტუაცია გავლენას ახდენს ჩვენს შიდა ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, ისე დავიგეგმოთ, რომ ეს გავლენა არ იყოს ნეგატიური“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი.

„ყველა ის პარამეტრი, რაზეც ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღეა დამოკიდებული: ექსპორტის ზრდა, მომსახურების სფერო, ტურიზმი, იმპორტის ჩანაცვლების გეგმა, მიმდინარეობს პოზიტიურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტი არის მყარი.

როგორც თითოეული ჩვენგანი სახლიდან გამოსვლამდე ფანჯარაში იყურება იმის სანახავად, როგორი ამინდია და ჩაიცვას თუ არა ქურთუკი, ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე მიყურადებული. ეს გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, რადგან ეკონომიკაში დოლარიზაციის ხარისხი იყო ძალიან მაღალი“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი