მამუკა ბახტაძე - ტრანზიტული გზის გასწვრივ, რაც რკინიგზა და ქვეყანაა, საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს
მამუკა ბახტაძე - ტრანზიტული გზის გასწვრივ, რაც რკინიგზა და ქვეყანაა, საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს

რომელი სატრანზიტო პოტენციალის დაკარგვაზე საუბრობთ, როცა ამ ტრანზიტული გზის გასწვრივ, რაც რკინიგზები და ქვეყნებია, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციონერი დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ საქართველოს რკინიგზა წაგებაზე მუშაობს.

ბახტაძის თქმით, საქართველოს რკინიგზა საკუთარ საქმიანობაში საუკეთესოა.

„ბატონო რომან, ირმა ნადირაშვილისგან განსხვავებით, თქვენი კითხვა ცოტა გამიკვირდა, რომელიც თუ სწორად მახსოვს, პროფესიით ჟურნალისტია. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს რკინიგზა წაგებაზე მუშაობს და ბოლო წელს პლუსი იყო, რადგან იქ სახელმწიფოს მხრიდან მატერიალური გადაცემა მოხდა.

ნებისმიერი კომპანიის კაპიტალიზაცია და წარმატება მისი საოპერაციო მოგებით განისაზღვრება ანუ, ე.წ. მარჯებით, რაც კომპანიას აქვს. არ მინდა, ამ დისკუსიაში შევიდე, რადგან ოთხი წელი ამ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, მაგრამ როგორც ეკონომისტი, იდეით შემოხვედით და ერთმანეთს ორი სხვადასხვა ციფრი შეადარეთ, რაც არასწორია. საუბარი იმაზე, რომ რკინიგზამ თავისი ტრანზიტული პოტენციალი დაკარგა, სხვებმა გაასწრეს და ა.შ. არასწორია. ერთმანეთის მიმართ სუბიექტური რომ არ ვიყოთ, მარტივ გამოსავალს გთავაზობთ. აუცილებელი არ არის იმის მოსმენა, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი რას ამბობს იმ კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ან იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს. საინტერესოა, ინვესტორი და საფონდო ბირჟა რას ფიქრობენ, სადაც კრინიგზის ბონდები კვოტირებს. სლაიდზე ხედავთ, რომ საუკეთესოები ვართ“, – მიმართა გოცირიძეს ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება რკინიგზის სატრანზიტო ფუნქციაზეც გაამახვილა და ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

„რომელი სატრანზიტო პოტენციალის დაკარგვაზე საუბრობთ, როცა ამ ტრანზიტული გზის გასწვრივ, რაც რკინიგზები და ქვეყნებია, საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს?! ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარია. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, ეს საქართველოს რკინიგზის მარჟებია. როცა ვსაუბრობთ, რომ 2014-2015 წლები საქართველოს რკინიგზისთვის საუკეთესო იყო, ეს ჩემი სიტყვები არ არის, დიდი ოთხეულის აუდიტორული ამონაწერი ამოიღეთ, მასში ჩახედეთ და ამ ციფრებს ნახავთ. თქვენი შემდეგი კითხვა იქნება, რომ საქართველოს რკინიგზა ფინანსურ ანგარიშგებას ლარში აწარმოებს და როგორ შეეძლო, ამაზე გავლენა კურსს მოეხდინა?! – მოახდინა და სლაიდი ნახეთ, სადაც სხვა რკინიგზებთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის პერფორმანსი ჩანს და ხედავთ, პირველი ვინ არის“, – განაცხადა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი