მამუკა ბახტაძე - ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე
მამუკა ბახტაძე - ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ფართოვდება და დღითიდღე მტკიცდება. დღეს ის უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.

„საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში ვითარდება, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში თანამშრომლობა ისეთ მაღალ დონეზეა, როგორც არასდროს ყოფილა. ბოლო ორ წელიწადში ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანეთ. მივესალმებით ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან” -განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო აქვს პრობლემები რუსეთთან, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და აგრძელებს აგრესიულ ქმედებას.

„სამწუხაროდ, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და იგი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს“, – აცხადებს ბახტაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობებზე, მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ ტრამპის დიალოგი რუსეთთან იმედისმომცემია, რადგან ალტერნატივა არ არსებობს.

„ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემი იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით, რადგან დიალოგი უალტერნატივოა. თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის კონტექსტიც, რადგანაც არასტაბილურობა და, შესაბამისად, გამოწვევებიც იზრდება, მაგრამ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან უმაღლეს დონეზე არის ძალიან ნაყოფიერი და პოზიტიური ნაბიჯი“, – აცხადებს ბახტაძე.

ამასთან პრემიერს თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საქართველოსთვის წითელი ხაზია.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში.

ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს” – განაცხადა ბახტაძემ.

კითხვაზე, რა პასუხს გასცემდა საქართველოს პრემიერი იმ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციით აშშ-ს რუსეთთნ კონფლიქტში ჩაითრევენ, ბახტაძე პასუხობს, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლით მთლიანად რეგიონი მიიღებს სარგებელს.

„თუ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენი რეგიონი ბევრად უფრო პროგნოზირებადი და მდგარდი გახდება, რაც ემსახურება ისევ რუსეთის ინტერესებს“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ბახტაძის თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ამერიკელი ხალხის მიმართ მისი გზავნილი ეკონომიკას ეხება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

„ჩვენი ძალისხმევით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა. ვთვლით, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს 8 ქვეყნისთვის, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე: 2 ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, 5-ცენტრალურ აზიაში და ავღანეთი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოხმარების ბაზარი. ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი რაოდენობის ამერიკული კომპანია საქართველოში“, – განაცხადა ბახტაძემ.