მამუკა ბახტაძე - თითოეულმა ქართველმა ერთობლივი ძალისხმევითა და სულისკვეთებით ავაშენეთ ტაძარი მახათას მთაზე

თითოეულმა ქართველმა, ჩვენმა ერმა, ერთობლივი ძალისხმევითა და სულისკვეთებით ავაშენეთ ეს ტაძარი, რა თქმა უნდა, აღმშენებლობის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს არის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე. დღესვე მოხდა კურთხევა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის. დღესვე აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და აღვნიშნავთ იმედის დღეს.

მინდა, სრულიად საქართველოს და ყველა მოქალაქეს მივულოცოთ დღევანდელი დღე. ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული. თითოეულმა ქართველმა და ჩვენმა ერმა, ერთობლივი ძალისხმევით და სულისკვეთებით ავაშენეთ ეს ტაძარი. რა თქმა უნდა, ეს აღმშენებლობის პროცესი უნდა გავაგრძელოთ.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, აქვე, ამავე ტერიტორიაზე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც განთავსდება ჩვენი უნიკალური ისტორიის არტეფაქტები, სხვადასხვა ნამუშევრები და დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი გახდება ყველა ადამიანისთვის, ყველა ქართველისთვის საყვარელი ადგილი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი დღეს აკურთხა. მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.