მამუკა ბახტაძე - თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, ვიზალიბერალიზაციით მაქსიმალური პასუხისმგებლობით ისარგებლოს
მამუკა ბახტაძე - თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, ვიზალიბერალიზაციით მაქსიმალური პასუხისმგებლობით ისარგებლოს

საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რასაც დღევანდელი დღეც ადასტურებს, მაგრამ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განუცხადა, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის საკითხზე კომენტირებისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღიდან რისკების შემცირების მიზნით ევროპელ პარტნიორებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ცალკეულმა პირებმა აღნიშნული გადაწყვეტილებით უპასუხისმგებლოდ არ ისარგებლონ.

„ზოგადი ტრენდი ბევრ სახელმწიფოში ნეგატიურია. თანდათან სულ უფრო მეტი ევროპული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად, რაც ამ პრობლემის სისტემურად გადაწყვეტის წინაპირობაა. შესაბამისი ორგანოები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ. ეს არის პროცესი. შორს ვარ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.