მამუკა ბახტაძე - „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ლეგიტიმური
მამუკა ბახტაძე - „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ლეგიტიმური

„თიბისი ბანკთან“ მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ლეგიტიმური, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„ყველა ინსტიტუციური აქციონერი „თიბისიში“, მათ შორის „თიბისის“ მენეჯმენტი თანხმდება და მოხდა ეროვნულ ბანკთან შეთანხმება, რომ ეროვნულმა ბანკმა რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. თქვენ ინსტიტუტებზე საუბრობთ. ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ლეგიტიმური და მათ შორის ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება არის ლეგიტიმური. ეს არის ინსტიტუციური აქციონერებისა და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების პასუხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, მოხდა შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის.

„ეს შეთანხმება გაზიარებულია მისი ყველა ინსტიტუციური ინვესტორის მხრიდან და გაზიარებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის მოცემულობა, თუ ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის ამ შეთანხმებას ეთანხმებით, მაშინ უნდა დაეთანხმოთ ყველაფერს, რაც მოჰყვება ამ ქეისს“, – მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში, წერილობით მეტ დეტალს მიაწვდის.

„პასუხის მოსმენა თუ გაინტერესებთ, გიპასუხებთ. თუ გნებავთ, წერილობით გამოგიგზავნით უფრო დეტალურს. გპასუხობთ თქვენ კითხვაზე, რომ თქვენი კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია. რატომ განვმარტე? იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა რაც გამოიყენა, რა ნაბიჯიც გადადგა, მას დაეთანხმა ყველა. ეს იყო ლეგიტიმური ნაბიჯი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.