მამუკა ბახტაძე თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო
მამუკა ბახტაძე თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო. დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში განხორციელდება.

„მაისში დავაანონსეთ დიდი დიღმის ტერიტორიაზე განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა. ეს არის 13 ჰექტარი ტერიტორია, სადაც აშენდება საშუალო სკოლა 1 500 ბავშვზე. აქვე იქნება კომაროვის სკოლა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები. ასევე გვექნება ახალი პროფესიული სასწავლებელი და ხელოვნების სკოლა. ჩვენ მსგავს პროექტს ვახორციელებთ ბათუმშიც და ავაშენებთ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველგან იყოს ხელმისაწვდომობა თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ბავშვების მომავალზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების ქალაქი თანამედროვე სტანდარტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასთან ერთად მოიცავს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, ტექნოპარკს, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებს, კომაროვის ახალ სკოლას, ხელოვნების სკოლას, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სპორტული დარბაზსა და გარე მოედნებს.

განათლების ქალაქის პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურ სამშენებლო მასალას გამოიყენებენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულებები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.