მამუკა ბახტაძე - მედიის თავისუფლების დაკავშირება საგადასახადო საკითხებთან არის სრული უპასუხისმგებლობა 
მამუკა ბახტაძე - მედიის თავისუფლების დაკავშირება საგადასახადო საკითხებთან არის სრული უპასუხისმგებლობა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და მედიის თავისუფლების თემები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „ომეგა ჯგუფთან“  მიმართებაში საქმე ეხება თამბაქოს წარმოებას, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა.

„იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ე.წ. ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება, საგამოძიებო ორგანოებს, ისევე როგორც საზოგადოებას, მიაწოდონ სრული ინფორმაცია, რომ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ამასთან ერთად, მე გავაკეთე კომენტარი იმ უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომ ცდილობენ, დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა და ჩვენ გვაქს თავისუფალი მედია. შესაბამისად, ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება არის სრული უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც ბახტაძე აცხადებს, „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ლევან ყიფიანთან შეხვედრა არასდროს ჰქონია.

„რაც შეეხება წინა ისტორიას, ამ საკითხზე, გავაკეთე განმარტება, რომ ჩვენი მთავრობის მიდგომა გახლავთ და იქნება მუდამ ძალიან მეგობრული ყველა იმ მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ბუნებრივია, როდესაც საქმე შეეხებოდა საგადასახადო დავალიანებას, კომპანიას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ აქვს გარკვეული პრობლემები ობიექტური ხასიათის გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. პარალელურად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანება უნდა დაფაროს. ამავე დროს, მივაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოხდა 11-ჯერ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოკიდებულებასა და ზოგადად ქართულ ბიზნესთან ჩვენი მთავრობის ურთიერთობის ფილოსოფიას. საგადასახადო დავალიანების მასშტაბს რაც შეეხება, ეს არის უპრეცედენტო, ძალიან დიდ თანხაზა, 50 მილიონ ლარზე მეტ თანხაზეა საუბარი”, – აღნიშნა ბახტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა სასტარტო ეტაპზე ამ თანხის მასშტაბურად დაგროვება, მამუკა ბახტაძე აცხადებს:

„მეგობრული მიდგომა არის ნებისმიერი ქართველი დამსაქმებლის მიმართ. ვერ ნახავთ საქართველოში მეწარმეს, რომლის მიმართაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომ არ ეძლევა მეწარმეს გრაფიკით გადასახადის დაფარვის საშუალება ისე, რომ არ შეუქმნას პრობლემები სამუშაო ადგილებს. ჩვენთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება ან მისი ზრდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.