მამუკა ბახტაძე - თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი წარმატებისთვის
მამუკა ბახტაძე - თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი წარმატებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება პოლიციის აკადემიაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, პოლიცია თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდეს.

„ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ თვისობრივად და ხარისხობრივად ჩვენი პოლიცია ავიდეს ახალ დონეზე. რა თქმა უნდა, ეს შესაბამის გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმას გავუსვა ხაზი, ეს იყო ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა. ამასთან ერთად საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. წინა წლებში მოგეხსენებათ, რომ ეს კომპონენტი იყო ძალიან დაქვეითებული და ბუნებრივია, თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არის უმნიშვნელოვანესი მომენტი წარმატებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად სრულად მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ პაკეტის ფარგლებში არის წარმოდგენილი. მეც ჩემს გამოსვლაში ვახსენე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მომავალი თვიდან ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელი გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას ამ საქმიანობით და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება პოლიციის აკადემიაში და ზოგადად, იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ჩვენი პოლიციის. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ და მომავალშიც ვაპირებთ იგივე ტემპებით გავაგრძელოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.