მამუკა ბახტაძე - სწორი ნაბიჯების შედეგად შეიძლება, ლარში იპოთეკურ სესხებზე პროცენტი კიდევ უფრო შემცირდეს
მამუკა ბახტაძე - სწორი ნაბიჯების შედეგად შეიძლება, ლარში იპოთეკურ სესხებზე პროცენტი კიდევ უფრო შემცირდეს

სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, ლარში იპოთეკურ სესხებზე პროცენტი კიდევ უფრო შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სესხის პირობები მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

„ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხები იპოთეკაზე ხელმისაწვდომი იყოს. ხელმისაწვდომობა მარტო იმას არ გულისხმობს, რომ სესხი გაიცეს, ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სესხის პირობები მაქსიმალურად კომფორტული იყოს. იპოთეკური სესხები ლარში ორნიშნა ციფრი იყო და შემდეგ გამოჩნდა შვიდ პროცენტიანი სესხები ლარში. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვწიოთ და იყოს თუნდაც ექვსი პროცენტი.

სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა მიდგომები და მე მოვისმინე კომერციული ბანკების შეფასება ამ საკითხზე. რაც შეეხება ზოგადად საცალო ვაჭრობას, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და გაყიდვების ის ტემპი, რომელიც იყო. თუმცა მაკროეკონომიკური გადასახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სესხების დიდი ნაწილი მიდიოდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე. მინდა, მოგიწოდოთ, ნახოთ ბოლო პერიოდის დინამიკა, როგორ შეიცვალა ბიზნესის დაკრედიტება, რომელიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ვიდრე საცალო დაკრედიტება,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.