მამუკა ბახტაძე -  შსს-ში დღეს მთავარი პრიორიტეტია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება
მამუკა ბახტაძე -  შსს-ში დღეს მთავარი პრიორიტეტია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება

შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყეთ სისტემური განახლების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, განხორციელდება საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ასევე მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა დანაყოფების სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

„რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია სტანდარტული მოქმედებების პროცედურებისა და სამართალდარღვევების გამოკვეთის თანამედროვე საშუალებების დანერგვა. განხორციელდება ქვეით პატრულ-ინსპექტორთა პროფესიის გაძლიერება, ამ გზით ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურით დატვირთულ მიმართულებებზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სტანდარტის ამაღლება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობა ასევე გააგრძელებს ისეთი საპოლიციო ინსტრუმენტების განვითარებას, როგორიც გახლავთ ე.წ უკონტაქტო პატრულირება, რაც აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„შსს-ში დღეს მთავარი პრიორიტეტია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. სამინისტროს წარმოდგენილი აქვს კონკრეტული ხედვა და ამ ხედვის იმპლემენტაცია უმოკლეს ვადებში მოხდება. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ინვეტიციებს ტექნოლოგიებში, რომ უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჩვენს საზოგადოებაში კრიმინალის პრევენცია. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის გასაძლიერებლად. ბოლო მოვლენებმა ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად გვაჩვენა, რომ ამ კუთხით გამოწვევები იზრდება და აუცილებელია, ჩვენ ბიუჯეტში გამოყოფილი გვქონდეს შესაბამისი თანხები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამ გამოწვევებს ეფექტურად გავუმკლავდეთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.