მამუკა ბახტაძე - შსს-ს უნდა გამოეყენებინა თუ არა ძალა, როდესაც საქართველოს პარლამენტის შტურმი მიდიოდა, დიახ, მათ ეს უნდა გამოეყენებინათ
მამუკა ბახტაძე - შსს-ს უნდა გამოეყენებინა თუ არა ძალა, როდესაც საქართველოს პარლამენტის შტურმი მიდიოდა, დიახ, მათ ეს უნდა გამოეყენებინათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოეყენებინა თუ არა ძალა, როდესაც საქართველოს პარლამენტის შტურმი მიდიოდა, დიახ, მათ ეს უნდა გამოეყენებინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოეყენებინა თუ არა ძალა, როდესაც საქართველოს პარლამენტის შტურმი მიდიოდა – დიახ, მათ ეს უნდა გამოეყენებინათ. ეს არის შეფასება  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო მათი ვალდებულება და არა არჩევანი.

„თქვენ ახსენეთ კრიზისი და დიახ, ეს სიტუაცია იყო კრიზისული. მაგრამ კრიზი და კატასტროფა სახელმწიფოსთვის იქნებოდა ის, რომ მომხდარიყო მათ მიერ ჩაფიქრებული სცენარის რეალიზაცია, რომ ქვეყანა გაეხვიათ ისეთ ქაოსში, როგორიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ორჯერ გვქონდა, რომელმაც ისეთი ტკივილი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომ დღემდე მისი შედეგების  მნახველი ვართ თითოეული ჩვენგანი. ეს არის კონკრეტული მოცემულობა და კონკრეტული შეფასება. მე კითხვა მაქვს თქვენთან, რა უნდა გაეკეთებინა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც პასუხისმგებელია კონსტიტუციის დაცვაზე, თქვენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხართ, რა უნდა გაეკეთებინა? ის რაც გააკეთეს ადრე? რომელმაც გამოიწვია სრული კოლაფსი. თქვენი პასუხიც არის არა. ესე იგი მათ უნდა დაეცვათ  კონსტიტუცია“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრიც განცხადებით, ძალის ლეგიტიმაციაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ამაზე არის კონკრეტული შეფასებები და დასკვნები.

„თქვენი შეკითხვის შინაარსი როგორც მე ვხვდები, არის ის, რომ ის კადრები, რომელიც იძლევა იმის საფუძველს, რომ კითხვა დასვათ, რომ რომელიმე ცალკე აღებულმა სამართალდამცველმა გამოიყენა თუ  არა გადამეტებული ძალა – ეს არის კითხვა, რომელიც თქვენ უნდა დასვათ. დიახ, მე გპასუხობთ, რომ ასეთი შემთხვევები იყო და მიმდინარეობს გამოძიება. მე ვპირდები საზოგადოებას, მთელს ჩემს გუნდთან ერთად, რომ ჩვენ აუცილებლად მივაწვდით კონკრეტულ სურათს თითოეულ შემთხვევაში, სადაც არსებობს თუნდაც პატარა კითხვის ნიშანი“. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს თითოეულმა  მოქალაქემ დაინახა, რომ  მოქალაქეების სრულიად სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი, რომლიც მიმართაც მთავრობა  სოლიდარულია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ იქნა გამოყენებული პროვოკაციული მიზნებისთვის.