მამუკა ბახტაძე - შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში
მამუკა ბახტაძე - შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში

შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, „თუ იქნება შემთხვევები, ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას. თქვენ იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში, იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას.

აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან ბრძოლაში. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის პირი, რომ თუ იქნება შემთხვევები, ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით,  ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემის გადასაჭრელად უკვე დგამენ ქმედით ნაბიჯებს და ფინანსთა სამინისტროს მთავრობაზე გამოაქვს ამ პრობლემის ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი გადაწყვეტილება.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია.

ამასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე.

„რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი, ანუ ტყის აღდგენის პროცესი.

ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

დატოვე კომენტარი