მამუკა ბახტაძე - შესაბამისი უწყებები სახელმწიფო ტენდერების საკითხზე ახალ ინიციატივაზე მუშაობენ
მამუკა ბახტაძე - შესაბამისი უწყებები სახელმწიფო ტენდერების საკითხზე ახალ ინიციატივაზე მუშაობენ

როგორც ჩანს, კანონმდებლობაში გვაქვს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დახვეწას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პეტრე დევრიშაძის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ისევე, როგორც მოქალაქეების უმრავლესობისთვის, ის ფაქტები, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, კანონმდებლობაში გვაქვს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დახვეწას. ჩემი შეხედულება ამ საკითხზე არის ცნობილი, რომ როდესაც ხარვეზი არის, უნდა აღმოფხვრა არა ადმინისტრაციულ რეჟიმში, არამედ საკანონმდებლო ინიციატივით, თუ ის არის ობიექტური და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. როგორც ვიცი, ამ კუთხით შესაბამისი უწყებები ამუშავებენ ახალ ინიციატივას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პრევენცია გავუკეთოთ მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში ოთხ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვეს. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

პეტრე დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. მასთან საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს. მათივე ინფორმაციით, შპს „მარგიოს“ არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს უწყების მიერ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვებში.