მამუკა ბახტაძე - შემოდგომაზე გამოვალთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით
მამუკა ბახტაძე - შემოდგომაზე გამოვალთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით

შემოდგომაზე აუცილებლად გამოვალთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება დაეფუძნება ყველა სექტორული მიმართულებით ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს, რომლის შედეგადაც მივიღებთ ეფექტურ საკანონმდებლო ჩარჩოს და ინსტიტუციებსა და რეალურ ეკონომიკას შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან სინერგიას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში.

„მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი ეკონომიკური მოდელის დანერგვას, რომლის პირობებში ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მცირდება უმუშევრობა და სიღარიბე.

მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ქვეყანაში, რაც გააუმჯობესებს ეკონომიკის სტრუქტურის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და ზოგადად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური მიზანი – მივაღწიოთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რაც შესაძლებელს ხდის, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში საერთაშორისო მსხვილი საერთაშორისო ფონდების ინვესტიციების განხორციელებას და უზრუნველყოფს შედარებით იაფ ფინანსურ რესურსზე წვდომას, მათ შორის განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.

„ამისთვის ჩვენ გვაქვს მომზადებული კონკრეტული ღონისძიებები და საგზაო რუკა და ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ამოსავალი წევრები. ჩვენი რეფორმები ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მივაღწიოთ ამ საინვესტიციო რეიტინგს. ეს თვისობრივად და ხარისხობრივად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ.