მამუკა ბახტაძე - შავი ზღვა აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებულ როლს
მამუკა ბახტაძე - შავი ზღვა აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებულ როლს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ხომალდების გადმოცემის ცერემონია გაიმართა.

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს სანაპირო დაცვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი „აილენდის“ კლასის ხომალდი -„ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ გადასცა. სიმბოლურია, რომ ამ ხომალდების გადმოცემა სანაპირო დაცვის სამსახურის დაარსებიდან 20 წლისთავს დაემთხვა და პირველ რიგში, მინდა ჩვენს მეგობრებს და სანაპირო დაცვის მთელ შემადგენლობას მივულოცო ეს იუბილე.

ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შავი ზღვა დღეს და უახლოეს მომავალში აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებულ როლს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ავიდა სტრატეგიულ და მაღალ დონეზე. შავი ზღვა დღეს და უახლოეს მომავალში აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებულ როლს.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიოს უსაფრთხოებაში.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ამერიკელ ხალხს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გადადგამს უფრო მეტ პრინციპულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ჩვენი სანაპირო დაცვის სამსახური იყოს უფრო ეფექტურად წარმოდგენილი და უფრო აქტიური როლი შეასრულოს კონკრეტულად, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრების განმტკიცების საკითხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.