მამუკა ბახტაძე - შალვა თადუმაძე არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძალიან პრინციპული და კანონის ერთგული ადამიანი
მამუკა ბახტაძე - შალვა თადუმაძე არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძალიან პრინციპული და კანონის ერთგული ადამიანი

შალვა თადუმაძე არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, რომელმაც თავისი პროფესიული საქმიანობით დაამტკიცა, რომ ძალიან პრინციპული ადამიანი და კანონის ერთგულია, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურას არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგებოდა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, პრემიერის თქმით, ეს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„მე შემიძლია შეფასება მივცე შალვა თადუმაძის პიროვნულ თვისებებს, რომელიც დღეს ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირე. ის არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, რომელმაც თავისი პროფესიული საქმიანობით და არამხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციაში, დაამტკიცა, რომ არის ძალიან პრინციპული ადამიანი და კანონის ერთგული.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. არაერთხელ აღვნიშნე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე საჭიროა საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლის გაზრდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორს აქვს უნიკალური როლი და ამ მიმართულებით ჩვენი კომუნიკაცია იქნება ძალიან ინტენსიური“, – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. მისი კანდიდატურა მთავრობას წარედგინება.