მამუკა ბახტაძე - სესხის აღების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული 
მამუკა ბახტაძე - სესხის აღების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული 

სესხის აღება და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იქნას გამარტივებული და მისი აღების უფლება თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ სესხის გაცემის პირობები არ უნდა იყოს ისეთი, რომ მივიღოთ ისეთი სესხების გაცემა, რომელიც წინასწარ განწირულია გაკოტრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მძიმე ტვირთი გახდება. ამ 700 000 ადამიანის უმრავლესობას, ვინც დღეს შავ სიაშია, ვალდებულება ისე ჰქონდა აღებული, რომ ისინი წინასწარ იყვნენ განწირული იმისთვის, ამ ვალდებულებას რომ ვერ შეასრულებდნენ. ან, თუ ვერ შეასრულებდნენ, მაშინ, ბინას, ან სხვა ტიპის ქონებას დაკარგავდნენ“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამ განცხადებით მამუკა ბახტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიქმნება თუ არა კრედიტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით გარკვეული საკრედიტო შიმშილი და იქნება თუ არა ეს მეორე უკიდურესობაში გადავარდნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საპროცენტო განაკვეთში რისკს ძალიან მნიშვნელოვანი წილი აქვს და ხელისუფლების არგუმენტი სწორედ ისაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამ რისკს ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის შეამცირებს, თავის საკრედიტო პორტფელში, რაც ავტომატურად გამოიწვევს სესხებზე პროცენტების დაწევას.