მამუკა ბახტაძე - სექტემბერში ტურიზმის სექტორში მეწარმეების მხარდამჭერი ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
მამუკა ბახტაძე - სექტემბერში ტურიზმის სექტორში მეწარმეების მხარდამჭერი ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ნაკლები შევიდა ტურიზმის სექტორში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს აჭარაზე განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობას ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად ორი პროგრამა აქვს მომზადებული.

„ორი პროგრამიდან ერთი გულისხმობს პროექტების მხარდაჭერას, სასტუმროების მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობდა და მისი შეჩერების საშიშროება და რისკი არის. ეს მიუღებელია და არც ერთი მშენებლობა საქართველოში არ გაჩერდება. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიებით დახმარებას, მოგვცემს საშუალებას, ყველა მეწარმემ გააგრძელოს თავისი პროექტი და არ შეჩერდეს. მეორე პროგრამა კი, გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას, სექტემბერში იქნება ამ პროექტების პრეზენტაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ეკონომიკის სამინისტრო ორივე პროგრამას.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ყველაზე მეტად მხარდაჭერა სწორედ ამ სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან მცდელობა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე. რასაც ჩვენ ვამბობდით, აღმოჩნდა სრული სიმართლე. როდესაც შენს მოქალაქეს აქვს პრობლემა იმით კი არ უნდა იყო დაკავებული, პოლიტიკური ქულები დაიწერო ამაზე, არამედ კონკრეტული ინიციატივები უნდა გამოიჩინო, თუ როგორ მოახდინო მოქალაქის მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი