მამუკა ბახტაძე - საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მამუკა ბახტაძე - საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

მთავრობის ამოცანაა, თავის საქმიანობაში გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა, ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან და ხალხთან სიახლოვე, საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაცია

„იცით, როგორ მოხდა ჩემს მიერ ბევრი საგადასახადო ინიციატივის ინიცირება. მათი დიდი ნაწილი სწორედ ჩვენი საზოგადოებიდან მოდიოდა. სწორედ ჩვენმა ხალხმა, საზოგადოებამ, მეწარმეებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა იციან ძალიან კარგად, რა გვჭირდება ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, მინდა, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ ეს მიდგომა იქნება ჩვენი მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, მთავრობა რეფორმები დანერგვაში მაქსიმალურად ოპერატიული იქნება.

„მცირე მთავრობის კონცეფციის გარეშე გაგვიჭირდებოდა ამ კონცეფციის დანერგვა. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ მცირე მთავრობის კონცეფციის მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას მომცემს, ჩემს გუნდთან ერთად, უმოკლეს ვადაში დავნერგო ეს რეფორმები. რეფორმების უდიდესი ნაწილი დაინერგება წელს, ნაწილი – 2019 წელს. განათლების რეფორმა ბუნებრივია, გრძელვადიანია, რომლის ეტაპების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შემდეგი 2 წლის განმავლობაში დაინერგება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან მთავრობის ყოფილ წევრებს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს.