მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა
მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა

რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოძიებული და ხელმოწერილია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც განვახორციელეთ შარშან – ახალი საბაგირო, რომელმაც დააკავშირა კობი-გუდაური და მივიღეთ შედეგი, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი კობში, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მსგავსმა პროქტმა საშუალება შექმნა, მაგალითად თრუსოს ხეობას ახალი დინამიკა შეეძინა.

„ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა, მაგალითად, თრუსოს ხეობაში შეგვეტანა სრულიად ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი, ძალიან ინტენსიურად განვითარდება. შესაბამისად, პირადად, ჩემთვის სწორედ ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები.

„დღეს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენ მთიან რეგიონებში ისვენებენ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი. ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს არ აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კმ-ის ჩქაროსნულ მაგისტრალს და დაახლოებით რეაბილიტაცია უტარდება 500 კმ-მდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია. რა თქმა უნდა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წლევანდელი ბიუჯეტი 20 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები იქნება.

ამასთან, პრემიერმა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს პრობლემა ხდება უფრო და უფრო აქტუალური, აქედან გამომდინარე, ჩვენც, როგორც მთავრობას გვაქვს ვალდებულება, მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით და მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან ზოგადად, ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაშიც.  რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაოების მასშტაბი ასე გაიზარდა, სამინისტრომაც ძალიან დიდი საქმე გაწია, როდესაც ძალიან ბევრი პროცედურული საკითხის შეცვლა დაგეგმა და განახორციელა ძალიან წარმატებით. სხვანაირად ვერ მივაღწევდით ამ ტემპებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე.

პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მის ხელმძღვანელობას, ასევე გზების დეპარტამენტს, საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებსა და კონტრაქტორ კომპანიებს მადლობა გადაუხადა.

 

დატოვე კომენტარი