მამუკა ბახტაძე - საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა
კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, საუკეთესო მაგალითია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესაფასებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, ვინაიდან მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კონსტიტუციასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევისთვის გამოიყენეს, რაც მიუღებელია.
„ეს იყო პირდაპირი შეტევა კონსტიტუციაზე, სტაბილურობაზე, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი ბოლო წლებია, ორიენტირებული არიან, შემოიტანონ არასტაბილურობის განცდა, საზოგადოების პოლარიზაცია და ბოლო დღეების მოვლენებმა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყველაზე მძიმეა, რომ ამ მოვლენების შედეგად ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები დაშავდნენ. მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის განმარტებით, მომხდარს მიეცემა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტების მიმართულებით; გამოძიების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კი, პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ომბუდსმენს და საერთაშორისო საზოგადოებას.
„ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე. ეს არის ჩვენი მიდგომა. ის, რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ, იყო სრულიად მიუღებელი და გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი პროტესტი და ჩვენ ვუერთდებით ამ შეფასებას; საღამოს ვიხილეთ მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი პარლამენტის წინ; სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისე, როგორც მას და მის ლიდერს სჩვევია, გულწრფელი ემოციები პროვოკაციებისთვის გამოიყენა და ესეც ყველამ კარგად დაინახა; რასაკვირველია, შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს პროვოკაციულ ქმედებებს და კითხვის ნიშნებს, ზოგიერთი სამართალდამცავის მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებაზე. ეს არის იმ შეფასებების ჩარჩო, რომელიც მე მაქვს ამ საკითხზე“, – აღნიშნა პრემიერმა.