მამუკა ბახტაძე - სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა
მამუკა ბახტაძე - სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა

სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ მსჯავრდებულთა დასაქმებასა და რესოციალიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში. კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში ნამუშევარი დღეების პროპორციულად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაციის მიზნით, კერძო ბიზნესმა პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილები რომ შექმნას, დამატებითი საგადასახდო შეღავათები დაწესდება.

პრემიერობის კანდიდატმა ადამიანის უფლებათა დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები.

„მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და კანონშემოქმედებით პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.