მამუკა ბახტაძე - სასიხარულოა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს იმ ერებისთვის, რომლებიც ალიანსში გასაწევრიანებლად რესურსს არ ზოგავენ
მამუკა ბახტაძე - სასიხარულოა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს იმ ერებისთვის, რომლებიც ალიანსში გასაწევრიანებლად რესურსს არ ზოგავენ

საქართველოს აგულიანებს დასავლეთ ბალკანეთის ასპირანტი ქვეყნების წარმატება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი მოახდენს ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის სტიმულირებასაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატო-ს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერა მიულოცა და აღნიშნა, რომ მიესალმება სხვა ერების გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის გაჩენას.

„ნება მიბოძეთ დავიწყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისადმი მადლობის გადახდით ამ შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისთვის და ნატო-ს სამომავლო გაფართოების, ზოგადად და კონკრეტულად ჩემი ქვეყნის – საქართველოს გაწევრიანების პროცესზე აქცენტების გაკეთების შესაძლებლობის მონიჭებისთვის.

არაფორმალურ გარემოში ჩვენი შეხვედრის თანაორგანიზატორია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელმაც საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა როგორც რეგიონის ფართოდ ცნობილმა, მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმმა უსაფრთხოების საკითხებზე. იმედი მაქვს ბევრ თქვენგანს ვიხილავ თბილისში ამა წლის ნოემბერში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს გაფართოება გადამწყვეტი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების შექმნის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფაში. დღეს გვახარებს ის ფაქტი, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ მუშაობს და ხელშესახები შედეგები მოაქვს იმ ერებისთვის, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ და ამისთვის რესურსს არ ზოგავენ.

მინდა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას მივულოცო ისტორიული მიღწევა, რომელიც ერთი კვირის წინ გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერით აღინიშნა. მივესალმები სხვა ერების გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის გაჩენას.

ასპირანტი ქვეყნის სტატუსით, საქართველოს აგულიანებს დასავლეთ ბალკანეთის ასპირანტი ქვეყნების წარმატება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი მოახდენს ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის სტიმულირებასაც.“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.