მამუკა ბახტაძე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსამართლეების შესარჩევად ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები
მამუკა ბახტაძე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსამართლეების შესარჩევად ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსამართლეების შესარჩევად ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

„სასამართლო რეფორმა გახლავთ ის რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ჩართულობას მივესალმები, რადგან ეს რეფორმა ამას მოითხოვს. ამასთან ერთად, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასება და ეს არის ნორმალური და ლოგიკური.

რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის პოზიციას, რომელსაც მე სრულად ვიზიარებ და ვუერთდები, გახლავთ ის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აერთიანებს ბევრი რამ, მათ შორის ფასეულობები და მათ შორის განვითარების ის ვექტორი, რომელიც აირჩია საქართველომ.

აქედან გამომდინარე, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს არის ძალიან ნორმალური, ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ. ნებისმიერი ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა როდესაც ხორციელდება, ეს თანმდევი პროცესია, იყოს აზრთა სხვადასხვაობა. არსებობს ასევე ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, რომ აუცილებლად გასაწერია ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.