მამუკა ბახტაძე - საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტრიგასთან, კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ არასერიოზული საკითხები
მამუკა ბახტაძე - საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტრიგასთან, კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ არასერიოზული საკითხები

ადამიანი, რომელსაც სურს, დაიცვას თავისი ბიზნესინტერესები, მოიქცეოდა ძალიან მარტივად, თავის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას შეკრებდა და თავისი ადვოკატის მეშვეობით გააცნობდა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომ დაეცვა თავისი ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, კლანურ და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის განცხადებები ობიექტურ საფუძველს არ ეფუძნება.

„რაც შეეხება მსგავს განცხადებებს, არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის ძალიან სუბიექტური. დღესაც მქონდა საშუალება, თქვენთვის ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მომეწოდებინა ინფორმაცია, თუ საქართველოს რა პროგრესი აქვს, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგების თვალსაზრისით, პლიუს როგორ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს საქართველო, მათ შორის ბიზნესისა და შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნის თვალსაზრისით, რომელიც არის უპრეცედენტო. დღეს კონკრეტულად წარმოგიდგინეთ ინიციატივა, რომლის მიხედვით, საქართველოს ექნება საშუალება, გახდეს მეორე ქვეყანა ევროპაში, რომელიც თავისუფალ საერთაშორისო არბიტრაჟს შემოიყვანს ქვეყანაში და მას მისცემს უფლებას, კომერციული დავები განიხილოს. გისვამთ კითხვას, საქართველოს მთავრობას რომ მსგავსი მიდრეკილებები ჰქონდეს, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა? ეს რაც შეეხება მიდგომას და ფილოსოფიას. თქვენ კითხვა დამისვით მიდგომასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ ჩვენ როგორი მიდგომა გვაქვს და ამავე დროს, საერთაშორისო ინვესტორები, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტები როგორ აფასებენ ჩვენს რეფორმებს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო არის მეშვიდე ადგილზე. დღეს ოფიციალურად მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. მისივე განცხადებით, გამოძიების ტემპები ტექნიკური ხასიათის საკითხია.

„რაც შეეხება ამ ჩანაწერს და მასზე სამართლებრივ რეაგირებას. საქართველოში ხელშეუხებელი არავინ არის, კანონის უზენაესობა და ეს მთავარი ფილოსოფია გახლავთ ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მასზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენი მმართველობის პერიოდში დავამტკიცეთ, რომ ეს ასეა. შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება. ბუნებრივია, გამოძიების ფარგლებში ყველა შესაბამისი პროცედურა უნდა ჩატარდეს, მათ შორის, ის ექსპერტიზა, რომელიც აღნიშნეთ. რატომ არ ვაჩქარებთ, ანუ ეს უნდა მოხდეს თუ არა 24 საათში და ასე შემდეგ, ბუნებრივია, ეს ტექნიკური ტიპის კითხვაა, რომელსაც ვისაც ცოდნა და ვალდებულება აქვს, გასცემს პასუხს, მაგრამ ფაქტობრივად, რამდენიმე დღეა, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელსაც სურს, დაიცვას თავისი ბიზნესინტერესები, სხვაგვარად მოიქცეოდა.

„მინდა, ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის შეფასება გავაკეთო ამ საკითხის. როდესაც კონკრეტულ მეწარმეს ან საწარმოს აქვს პრობლემა და თუ მას აქვს რეალური საფუძველი იმისა, რომ ისაუბროს მასზე ზეწოლაზე, რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის პროცესის სახის მიცემა, როდესაც ყოველდღე სამხრეთ ამერიკული სერიალივით, ამ შემთხვევაში ძალიან უნიჭო პროცესს უყურებთ. ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც სურს, დაიცვას თავისი ბიზნესინტერესები, მოიქცეოდა ძალიან მარტივად, ის თავის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას შეკრებდა და თავისი ადვოკატის მეშვეობით გააცნობდა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომ დაეცვა თავისი ინტერესი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი შეფასება, როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ ინტრიგასთან და გვაქვს საქმე იმასთან, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, საგადასახადო დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ დისკუსიაში ასეთი არასერიოზული განცხადებები და საკითხები. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ყველას ექნება საშუალება, დაამტკიცოს სიმართლე და რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული წვდომა ამ ინფორმაციაზე, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ამ ტრანსპარენტულობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.