მამუკა ბახტაძე - საქართველოში ყოველდღიურად 100-ზე მეტი საჰაერო რეისი სრულდება მრავალი ქვეყნიდან, ვმუშაობთ აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე
მამუკა ბახტაძე - საქართველოში ყოველდღიურად 100-ზე მეტი საჰაერო რეისი სრულდება მრავალი ქვეყნიდან, ვმუშაობთ აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე

საქართველოში ამჟამად, ყოველდღიურად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განსხვავებული იყო ვითარება რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან იშვიათი საჰაერო რეისები სრულდებოდა და ეს ბევრისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

„საქართველომ გააზრებულად იკისრა ვალდებულება ეკონომიკური ხედვის განხორციელებაზე, რაც სამპუნქტიან სტრატეგიას ეფუძნება. ჩვენ ვახდენთ გეოგრაფიის, ეროვნული უპირატესობებისა და ძალისხმევის მობილიზებას ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალოდ ხუთი პროცენტია და ორჯერ აღემატება სამეზობლოში არსებულ მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს რეგიონში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით. ვცდილობთ ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას, რაც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს. ეს ნამდვილად არ არის არარეალისტური და წელს უკვე გავუსწარით საპროგნოზო მაჩვენებლებს. ჩვენ გვსურს, არამარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის. ჩვენი ხალხი უკვე გლობალურ მასშტაბებზე გავიდა და ამჟამად ვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმას მასშტაბური კაპიტალდაბანდების გზით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

დატოვე კომენტარი