მამუკა ბახტაძე - საქართველოში უნდა დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ ხელისუფლება რესურსის ინვესტირებას ახდენს არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში
მამუკა ბახტაძე - საქართველოში უნდა დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ ხელისუფლება რესურსის ინვესტირებას ახდენს არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შემოდგომაზე ახალ პროგრამას წარადგენს, რომელიც განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სიღარიბესთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტია სამი ძირითადი საკითხი, რომელთა მოგვარების გარეშე სახელმწიფოს განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

„პირველი არის განათლება, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეა; თითოეული ადამიანი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ აქვს წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მყისიერ დასაქმებას. მეორეა წვდომა ჯანდაცვაზე. თითოეულ ადამიანს, იმის მიუხედავად, რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს, სად ცხოვრობს ქალაქში თუ სოფლად, უნდა ჰქონდეს გარანტია და განცდა, რომ აქვს წვდომა ადეკვატურ ჯანდაცვაზე. მესამეა წვდომა საკვებზე. ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, რაც კომპლექსური პრობლემაა. იმის ილუზიის შექმნა, რომ შევქმნათ ის 2-3 თვეში დამარცხებადია, არის იაფფასიანი პოპულიზმი. მნიშვნელოვანია, იმ მომენტში, როდესაც ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიღარიბეს, განვითარდეს, ამ კალაპოტს მიღმა არ დარჩეს მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს წვდომა ელემენტარულზე – მათ შორის საკვებზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეს მინიმალური სტანდარტი. ამას ავტომატურად ემატება უსაფრთხოება და სამართლიანობის განცდა, რაც ყველა სახელმწიფოს ფუნდამენტშია და მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება ვისაუბროთ სახელმწიფოს განვითარებაზე და სხვა ეტაპზე გადაყვანაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს აქვს მოლოდინი, რომ ახალი პროგრამის წარდგენისას ოპონენტებს ექნებათ იგივე შეფასებები, როგორიც 600 ათასი ადამიანისთვის ვალების განულებისას ჰქონდათ და ამას არჩევნებს დაუკავშირებენ.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ პროგრამებზე, ვინაიდან გვესმის, რამდენად მტკივნეულია მოსახლეობისთვის ეს საკითხები. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოსახლეობის წინაშე და ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. დარწმუნებული ვარ, უპასუხისმგებლო ადამიანები ზუსტად იგივე სიტყვებით ისაუბრებენ ამ პროგრამებზე, როგორც საუბრობდნენ 600 ათასი ადამიანისთვის ვალების განულებაზე, იმის მიუხედავად, რომ ამის შესახებ არჩევნებამდე 6 თვით ადრე განვაცხადეთ. მთავრობის პროგრამა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული პრობლემების ადეკვატური, იმის მიუხედავად, ტარდება თუ არა არჩევნები. თითოეულ ნაბიჯზე გვესმის, რომ ამას ვაკეთებთ არჩევნებისთვის. ჩემთვის ყველაზე პრინციპულია, საქართველოში დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ ნებისმიერი ხელისუფლება თავისი რესურსის ინვესტირებას ახდენს არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი