მამუკა ბახტაძე - საქართველოში გვაქვს რისკი, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში
მამუკა ბახტაძე - საქართველოში გვაქვს რისკი, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში

საქართველოში გვაქვს რისკი, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საბანკო რეგულაციების შემოტანა და დედოლარიზაციის პროცესის დაჩქარება სწორი ნაბიჯია და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ჭარბვალიანობის შემცირებისკენ.

„თუ ნახავთ ჩვენი საერთაშორისო ფინანსური დონორების ანგარიშებს, თითოეული მათგანი ამას აღნიშნავს. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი მოსაზრება. საბანკო რეგულაციები სწორი ნაბიჯია ისევე, როგორც დედოლარიზაციის პროცესის დაჩქარება. ჩვენ უნდა გავხადოთ საქართველო ნაკლებად მოწყვლადი გარე ფაქტორების მიმართ, მაქსიმალურად ეფექტურად მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, ჩვენი ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია და ამავე დროს, უზრუნველვყოთ, რომ გარე ფაქტორები მინიმალურ გავლენას ახდენდეს ჩვენს შიდა ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, მხარს ვუჭერ იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დედოლარიზაციისკენ და ჭარბვალიანობის შემცირებისკენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორს შორის.

„ვფიქრობ, აუცილებლად მოხდება პოზიციების შეჯერება. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ჩვენთვის მთავარია, მივაღწიოთ მდგრად და ინკლუზიურ ზრდას საქართველოში. შესაბამისად, თუ ჩვენი ეკონომიკური მოდელი იქნება მყიფე გარე ფაქტორების მიმართ, ის ვერასდროს იქნება მდგრადი. სამწუხაროდ, საქართველომ თავისი ეკონომიკური ისტორიის განმავლობაში არა ერთხელ გამოსცადა ეს, რამდენად მტკივნეულია გარე ფაქტორის შედეგად მიღებული ზიანი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. საქართველოს მთავრობას გვმართებდა ამ რეგულაციებისა და ძალიან მტკივნეული პრობლემის გადაჭრაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაცილებით ადრე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი