მამუკა ბახტაძე - საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში თანაბრად არ მონაწილეობს
მამუკა ბახტაძე - საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში თანაბრად არ მონაწილეობს

საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, ანუ ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და მის განაწილებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ესტონეთის გამოცდილება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა პაკეტით, რა თქმა უნდა, მისი დიდი ნაწილი ემყარება წარმატებული ეკონომიკების მაგალითებს. რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანე, ის მიმართულებები, რომელიც გვინდა ეკონომიკაში განვავითაროთ, მნიშვნელოვანი ნაწილი შეიტანა ესტონეთის გამოცდილებამ. ჩვენ გვაქვს გაზიარებული სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. ჩვენ შევეცადეთ, რომ დღეს რა გამოწვევებიც გვაქვს, რეფორმათა პაკეტი ამის გათვალისწინებით მომზადებულიყო რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტურად.

დღეს საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და მის განაწილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ეს პოლიტიკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.