მამუკა ბახტაძე - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი იქნება სოფლის მეურნეობაში, აქცენტს გავაკეთებთ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე
მამუკა ბახტაძე - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი იქნება სოფლის მეურნეობაში, აქცენტს გავაკეთებთ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი იქნება სოფლის მეურნეობაში, აქცენტს გავაკეთებთ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვერასოდეს დაეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს.

„როდესაც მწვანე ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში გვექნება. მე დავაანონსე, რომ მნიშვნელოვნად შევცვლით პრიორიტეტებს სოფლის მეურნეობაში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს.

ჩვენი ბევრი ოპონენტი საუბრობს, რომ მასშტაბური ინვესტიციების მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში გარღვევა მაინც ვერ ხდება. მეგობრებო, ჩვენ უნდა განვასხვავოთ სოფლის მეურნეობა ნატურალური მეურნეობისგან.

სამწუხაროდ, ის, რასაც ჩვენ და ჩვენი ოპონენტები სოფლის მეურნეობას ვუწოდებთ, გახლავთ არა სოფლის მეურნეობა, არამედ ნატურალური მეურნეობა, რაც საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი წყარო. დღეს სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, იყოს დაკავებული არა სოფლის, არამედ ნატურალური მეურნეობით, ანუ აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელსაც თვითონ იყენებს საკვებად. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომებით ჩვენ საქართველოში სიღარიბის დამარცხება გაგვიჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სწორედ სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-გან, მაგრამ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და შემოდგომაზე წარმოგიდგენთ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი იქნება სოფლის მეურნეობაში. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი პირადი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავუნულოთ და გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით 20%-იანი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ.

„აქვე მინდა, შევეხო ენერგოეფექტურობის პოლიტიკას . აქაც ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის პოტენციალი. ეკონომიკის ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოტევადობის შემცირების, ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების სწორი მართვისა და ზოგადადენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით სათანადო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება იქნება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. თუ ჩვენ ავიღებთ დასავლეთ ევროპის მაგალითს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 20%-იანი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ.

ჩვენი მიზანია და განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, ახალი მწვანე, რეკრეაციული სივრცეების შექმნას ქალაქებში, ისევე როგორც არსებულის მოვლას და განახლებას. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება დაცული ტერიტორიებისა და ყველა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ეკოსისტემების განვითარებაში.

და რაც მთავარია, ტყის სარეკრეაციო და ტურისტული მიზნებისთვის განვითარება იქნება ამ სექტორში ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.