მამუკა ბახტაძე - საქართველოს რუმინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს
მამუკა ბახტაძე - საქართველოს რუმინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს

რუმინეთი საქართველოს გამორჩეულ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რუმინეთში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან შეხვდრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს რუმინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს და ქართველ და რუმინელ ხალხს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის.

„ჩემთვის განსაკუთრებით სიმბოლურია დღევანდელი ვიზიტი, რადგან საქართველო და რუმინეთი წელს მეგობრობის 300-წლიან იუბილეს აღნიშნავენ.

ბუნებრივია, როდესაც ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის მეგობრობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ანთიმოზ ივერიელი, ვახტანგ VI, კონსტანტინე ბრინკოვიანუ. ფასდაუდებელია მათი წვლილი ქართულ-რუმინული ურთიერთობების განვითარების საქმეში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და დღეს გვაქვს უამრავი საერთო ინტერესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო და რუმინეთი უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნებია, რომლებიც გეოგრაფიულადაც არიან დაკავშირებული.

მამუკა ბახტაძემ შავი ზღვის კონტექტსში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„შავი ზღვა გვიქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მეტი როლი ვითამაშოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, არამედ სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომლის მიტანას ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის წლების განმავლობაში ვცდილობდით, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შავი ზღვის კონტექსტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
მივესალმებით ვაშინგტონში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი პაკეტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს უფრო აქტიურ ჩართულობას და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინელ მეგობრებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის.