მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, ეს არის ადამიანური ტრაგედია
მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, ეს არის ადამიანური ტრაგედია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, ეს არის ადამიანური ტრაგედია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერის თქმით, ომის დაწყებამდე აფხაზეთში 530 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს არის 100 000-ზე ოდნავ მეტი, ცხინვალის რეგიონში 4-5-ჯერ შემცირდა მოსახლეობა.

„ბევრ ჟურნალისტს ვეუბნები, ვინც ევროპიდან ჩამოდის, ხალხთა შორის ურთიერთობები მართლაც ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოიძებნოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ ყველაფერს სამართლიანად დაარეგულირებს.

არსებობს საერთაშორისო სამართალი, არსებობს დოკუმენტები, რომელიც ხელმოწერილია და მას სჭირდება შესრულება, ამას ბუნებრივია, სჭირდება პოლიტიკურ ნება და მოხარული ვართ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე, ვინაიდან დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა. დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ნაბიჯებით აუცილებლად მივაღწევთ საწადელს.

ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი რა არის – ის, რომ ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ომის დაწყებამდე მაგალითად აფხაზეთში მოსახლეობა ვინც ცხოვრობდა, 530 000 ადამიანი იყო, დღეს არის 100 000-ზე ოდნავ მეტი. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ 4-5-ჯერ შემცირდა რაოდენობა და ის არ აღემატება 20 000-ს ადამიანს. საიდანაც დიდი ნაწილი არიან, ისევ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და აქ ისმის კითხვა, არის ეს კი იმ ადამიანების ინტერესში, ვინც აქ მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა მეგობრულად – ეს არის ადამიანური ტრაგედია, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ორიენტირებული კონკრეტულ მიზანზე, რომ მოვახდინოთ ნდობის აღდგენა. თქვენ იცით ჩვენი პროგრამა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, მივცეთ შესაბამისი წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, შეძლონ ელემენტარული სამეწარმეო საქმიანობა, რომ გამოკვებონ ოჯახები, ვითხოვთ მხოლოდ მშვიდობას და ვითხოვთ სამართლიანობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება, დრო როდესაც ეს პრობლემები იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.